პირველი სატელევიზიო სკოლის 30 წლის იუბილე
პირველი სატელევიზიო სკოლის დაარსებიდან 30 წელი გავიდა.
მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯმა იუბილე 4 ოქტომბერს აღნიშნა. ამ თარიღისთვის მზადება კოლეჯში სამი თვით ადრე დაიწყო. საიუბილეო კვირეულის ფარგლებში სტუდენტებისთვის კოლეჯის ადმინისტრაციამ მასტეკლასების ჩასატარებლად, როგორც საქართველოდან, ასევე მისი ფარგლებს გარეთ მოღვაწე სატელევიზიო და კინო სფეროს გამორჩეული წარმომადგენლები მოიწვია.
საიუბილეო კვირეულის დაგვირგვინება კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მოწყობილი ღონისძიება გახლდათ. ღონისძიებას, უცხოეთიდან მოწვეულ საპატიო სტუმრებთან ერთად, მედიის და ტელეხელოვნების კოლეჯის კურსდამთავრებულების უმეტესობა ესწრებოდა.
ღონისძიების დასკვნითი ნაწილი ფილმის ჩვენება გახლდათ, რომელიც კოლეჯის 30 წლის ისტორიას მოგვითხრობს. საღამოს დასასრულს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დირექტორმა, ზურაბ ოშხნელმა დამსწრე საზოგადოებას სამადლობელი სიტყვით მიმართა.